Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ერასმუსის გაცვლითი პროგრამის სტუდენტები თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე

2023/24 სასწავლო წელს Erasmus+ Students Mobility ფარგლებში თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მათ შორის, ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია), ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ეწვივნენ უცხოელი სტუდენტები, რომლებმაც ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს თსუ-ში და გაიარეს იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებული ინგლისურენოვანი საგნები.

 

იხილეთ ვრცლად რამდენიმე მათგანის შთაბეჭდილებები ერასმუსის პროექტისა და თსუ-ში გატარებული სემესტრის შესახებ.

 

შეგახსენებთ, რომ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი მასპინძლობს უცხოელ სტუდენტებს. მათ შესაძლებლობა აქვთ ერთი სემესტრი ისწავლონ თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე და გაიარონ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებული ინგლისურენოვანი საგნები.

 

 

 

მე ვარ კიარა ლუჩოლი, პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი. ამჟამად ვსწავლობ აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევების განხრით ბოლონიის უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში 2022 წელს დავამთავრე ბაკალავრიატი უცხო ენებსა და ლიტერატურაში - ფრანგული და რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით. მოხარული ვარ, გაგიზიაროთ ჩემი მართლაც შესანიშნავი გამოცდილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც ერასმუსის გაცვლითი პროგრამის მონაწილე. საწყისი ეტაპიდანვე გაკვირვებული დავრჩი სასიამოვნო ატმოსფეროთი და ხარისხიანი განათლების სისტემით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა და პერსონალმა გადამწყვეტი როლი ითამაშა აღნიშნული გარემოს შექმნაში. ერასმუსის გაცვლითმა პროგრამამ გამაცნო საქართველოს მრავალფეროვანი კულტურა. ეს ასპექტი ფასდაუდებელია ჩემი თვალსაწიერის გაფართოებისა და ჩემი პიროვნული და აკადემიური ზრდის კუთხით. მე ვურჩევ სტუდენტებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მიიღონ მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერასმუსის გაცვლით პროგრამაში, რადგან საზღვარგარეთ სწავლის და განსხვავებულ კულტურულ კონტექსტში ჩაძირვის შანსი ნამდვილად გარდამტეხი გამოცდილებაა!

 

 

მე ვარ მაქსიმ პლანტე, საფრანგეთის ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი. საქართველოში ერასმუსის პროგრამამ სხვადასხვა კუთხით მომხიბლა. დავიწყებ ხალხით და გარემოთი. ეს ქვეყანა დაუმუშავებელი ალმასის მსგავსია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ევროპაში. მაგრამ მე შემიყვარდა იგი სხვადასხვა ადამიანის და ქვეყნის სხვადასხვა სრულიად განსხვავებულ რეგიონებში ჩემი მრავალჯერადი მოგზაურობების წყალობით. ამ გზით მე აღმოვაჩინე წარმოუდგენელი ადამიანები, მათ შორის ისეთებიც, რომლებთანაც საფრანგეთში დაბრუნების შემდეგაც შევინარჩუნებ კონტაქტს და ის ადგილები, რომელთა მონახულებასაც მომავალში აუცილებლად ვგეგმავ. აგრეთვე, ჩემი სხვადასხვა სასწავლო კურსის მეშვეობით გავიცანი საქართველოს კულტურა და ისტორია.  ბოლოს, აღვნიშნავ უნივერსიტეტს - თსუ-ს, რომელმაც მიმიღო ამ სემესტრის განმავლობაში. მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა გამეცნო არაჩვეულებრივი პროფესორები და შემესწავლა ახალი საკითხები და დისციპლინები, როგორიცაა საერთაშორისო სისხლის სამართალი. საბოლოო ჯამში, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ერასმუსი იყო საოცარი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მემახსოვრება მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და იმედი მაქვს, რომ Erasmus+ პროგრამა განაგრძობს განვითარებას, რათა კიდევ უფრო მეტ უცხოელ სტუდენტს შესთავაზოს ის შანსი, რაც მე მქონდა საქართველოს აღმოსაჩენად!

 

 

ალბან ლორჰო
საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლის მესამე წელს მონაწილეობა მივიღე Erasmus+ პროგრამაში და სწავლა განვაგრძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კავკასიისა და საქართველოს შესახებ მცირედი ცოდნის მიუხედავად, სწრაფად შემიყვარდა ეს რეგიონი. თსუ არა მხოლოდ გვთავაზობს გამორჩეულ კურსებს ყურადღებიანი პროფესორებით, არამედ ხელს უწყობს მხარდამჭერი და მზრუნველი აკადემიური გარემოს ჩამოყალიბებას. აუდიტორიების მიღმა, ყაზბეგის მთების განსაცვიფრებელი პეიზაჟებისა და ბათუმის სანაპიროს სილამაზის შესწავლამ უნიკალური და დაუვიწყარი ასპექტი შესძინა ჩემს აკადემიურ მოგზაურობას. თსუ-ში გატარებულმა პერიოდმა არა მხოლოდ გააფართოვა ჩემი აკადემიური თვალსაწიერი, არამედ იქონია დიდი გავლენა ჩემს პირად და კულტურულ პერსპექტივაზე, რაც დამეხმარება მომავალ წელს მაგისტრატურაზე ჩასაბარებლად ადამიანის უფლებების მიმართულებით.

თარიღი: 30/04/2024